ბორჯომის მერია ქალაქის პოპულარიზაციის მიზნით ახალ რუბრიკას იწყებს

ბორჯომის მერია ქალაქის პოპულარიზაციის მიზნით ახალ რუბრიკას იწყებს

ბორჯომის მერია ახალ რუბრიკას გთავაზობთ, პერიოდულად გაგაცნობთ არქივში დაცულ ბორჯომის ისტორიულ ფოტოებს და იმავე რაკურსით გადაღებულ თანამედროვეობის ამსახველ სურათებს.


რუბრიკის პირველი პოსტი ბორჯომის ცენტრალურ პარკს მიეძღვნა. ფოტო 1938 წელს პლატოდან არის გადაღებული და ცენტრალურ პარკს ასახავს. თავად შეგიძლიათ შეაფასოთ როგორ იცვლებოდა და ვითარდებოდა პარკის ტერიტორია წლების მანძილზე.


ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის არსებობის ისტორია საუკუნეებს ითვლის, მინერალური წყლის აღმოჩენა და მისი გამოყენება კი პარკის დაარსებამდე მოხდა. 1841 წელს, ბორჯომში, მთავარმართებელი გოლოვინი ჩამოდის ავადმყოფ ქალიშვილთან ერთად სამკურნალოდ, მისი გამოჯანმრთელების შემდეგ კი, გასცემს განკარგულებას ბორჯომის უკეთ მოსაწყობად, რათა შექმნილიყო მკურნალობისთვის შესაბამისი პირობები. 1850 წელს, გერმანელი ინჟინერის მოლდენგაუერის პროექტით, მდინარე ბორჯომულას ხეობაში, იქ სადაც მინერალური წყლის წყაროები და გოგირდის აბანოები იყო, 15 ჰა მიწის ფართობზე მშენებლობა დაიწყო, აშენდა სხვადასხვა შენობა-ნაგებობები, მოსასვენებელი ადგილები, საზაფხულო და ზამთრის ბაღები, მდინარეზე გადასასვლელი ხიდები, დაირგო მსოფლიოს სხვადასხვა დაცული ტერიტორიებიდან ჩამოტანილი უნიკალური ჯიშის ხეები. პარკის ტერიტორიაზე აშენდა, დღეს უკვე ისტორიული, მინერალური წყლის პირველი ჩამომსხმელი ქარხანა და ამავე დროს, ერთ-ერთი პირველი ჰიდროელექტოსადგურიც. მას შემდეგ პარკმა რამდენჯერმე განიცადა რეკონსტრუქცია. ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის, ფართობი ამჟამად 20 ჰექტარს შეადგენს, პარკში ფუნქციონირებს კაფეები, მცირე კვების ობიექტები, ატრაქციონები და სხვა.